ორი ფეხბურთელი კონკურენტებიდან - თბილისის „დინამო“ იაშვილსა და კუტალიას იმატებს
პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის „დინამო“ ორი მოთამაშის დამატებას აპირებს და ორივე მათგანი უშუალო კონკურენტი გუნდებიდანაა.
პირველი ნოდარ იაშვილია. მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაშვილმა „საბურთალო“ დატოვა, რაც მოულოდნელი იყო – ის საქართველოს ჩემპიონის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახლდათ. როგორც აღმოჩნდა, ის „დინამოში“ მიიწვიეს და ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა – ეროვნული ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველი „დინამოში“ ითამაშებს.
მეორე მოთამაშე ლევან კუტალიაა. დღეს ქუთაისის „ტორპედომ“ მისი წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
„კუტალიას გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და მიუხედავად კლუბის სურვილისა, კონტრაქტი გახანგრძლივებულიყო, ფეხბურთელმა კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა,“ – წერია ქუთაისელთა ცნობაში.
შევიტყვეთ, რომ „ტორპედოს“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც მოლაპარაკებას თბილისის „დინამოსთან“ აწარმოებს. მას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და ამის გამო სხვა ვარიანტებზე უარი თქვა.