ორი „დინამოს“ მატჩი თბილისელებმა მოიგეს და ბათუმელებს გადაასწრეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა ბათუმის და თბილისის „დინამოებს“ შორის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 4:1.
თბილისელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ონორე გომისმა დუბლი შეასრულა, ხოლო შესვენებამდე ირაკლი სირაძემ ლადო კაკაშვილის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლევან ხოზრევანიძემ სხვაობა შეამცირა. 50-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე და მცველი, გაიტ უაჰაბი ერთმანეთს შეეჯახნენ, ტუნისელი მცველი დაშავდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, მსაჯმა კი სტადიონზე სასწრაფო დახმარების ახალი მანქანის მისვლამდე თამაში ნახევარი საათით შეაჩერა.
შესვენების შემდეგ ბათუმელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, მაგრამ შედეგს ვერ მოიაღწიეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ ერთი ბურთი გაუშვეს. მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა თბილისელთა ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა.
19 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 32 ქულა დააგროვა და გადასწრო ბათუმის „დინამოს“ (30), რომელიც მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა.