ორი „დინამოს“ მატჩი კომენდანტის საათის დროს დამთავრდება - ბათუმელები საკუთარ არენას უბრუნდებიან #1TVSPORT
8 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართება – ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. ბათუმელები საკუთარ ქალაქში დაბრუნდებიან და საკუთარ არენაზე წელს პირველად ითამაშებენ.
„ბათუმი არენაზე“ სატესტო მატჩები 2020 წელს გაიმართა, მაგრამ მოედნის საფარმა არ ივარგა და ახალი საფარი დააგეს – ჰიბრიდული საფარი, რომელიც ბევრად უფრო გამძლეა. ბათუმის ახალ არენაზე კი პრობლემა ისაა, რომ მზის სხივი მოედნის სრულ პერიმეტრზე ვერ სწვდება და ბალახი გაზრდას ვერ ახერხებდა.
ერთ-ერთი მთავარი ამბავი ისაა, რომ 8 მაისს ბათუმის „დინამოს“ და „დინამო თბილისის“ მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან, შეხვედრა კი 20:15 საათზე დაიწყება, ანუ დამთავრებისას კომენდანტის საათი იქნება. ორგანიზატორებმა ეს გაითვალისწინეს და ხელისუფლების ნებართვით, მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს არ დააჯარიმებენ.
ბილეთის შეძენისას აუცილებელია, მისი მფლობელის მონაცემები სრული სიზუსტით იყოს შეყვანილი, რადგან ამის საფუძველზე დაიშვება საშვი 00:00 საათამდე გადაადგილებაზე. საშვის გაცემის დამადასტურებელი შეტყობინება ბილეთის მფლობელებს არ გაეგზავნებათ.
COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში, TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 3, 5 და 10 ლარია. ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, სტადიონის შესასვლელები გაიღება 18:00 საათიდან. სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 1/3 მოიცავს ანუ დააახლოებით 6,5 ათას ბილეთს.