ორი დინამოს დაპირისპირება ლიდერობისთვის - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ცენტრალური მატჩი საქართველოს მეორე არხზე
2-3 ივლისს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. პირველ მატჩს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. ეს იქნება განახლებული „ტორპედოს“ პირველი თამაში და გამოჩნდება, თუ ვის დაეყრდნობა კახა ჩხეტიანი ევროპის ლიგაზე.
„მიხეილ მესხი 2“-ზე ბოლო ადგილზე მყოფი „ვიტ ჯორჯია“ საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებს და მძიმე სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. თავის მხრივ, ქულები და სამეულთან ჩამორჩენის შემცირება „ჩიხურასაც“ ჰაერივით სჭირდება.
„საბურთალო“ „რუსთავს“ უმასპინძლებს, გათამაშების ცხრილში პოზიციების გამყარებას და მეორე წრეში მტკივნეული წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება. შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, 21:30 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, სადაც „საბურთალო“ მოლდოვურ „შერიფს“ შეხვდება, ეს მოქმედი ჩემპიონისთვის ელიგაში ბოლო ოფიციალური მატჩი იქნება. ამის შემდეგ, „საბურთალო“ უკვე ევროტურნირებზე გადაერთვება.
„საბურთალო“ და „რუსთავი“ ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან, უპირატესობა კი თბილისელებს აქვთ – ხუთი მოგება და ერთი მარცხი. ეს ერთი გამარჯვებაც რუსთაველებმა წლეულს, მეორე წრეში მოიპოვეს.
3 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახეობის სტადიონზე, გორის „დილა“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება. გუნდები თანაბარი ქულებით სატურნირო ცხრილში მე-7-მე-8 ადგილს იყოფენ. პლეი აუტის ზონიდან თავის დასაღწევად, „სიონს“ გამარჯვება სჭირდება, ხოლო „დილას“ ადგილის შენარჩუნება. „ჩიხურასთან“ მარცხის შემდეგ, „დილას“ მთავარი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე თანამდებობიდან გადადგა და ამ შეხვედრაში გუნდს ირაკლი მოდებაძე უხელმძღვანელებს. სიახლეებია ბოლნისურ გუნდშიც – ბექა გვარაძისა და ოთო გოშაძის შემდეგ, გუნდს შემტევი ნახევარმცველი რატი ცაცკრიალაშვილი შეუერთდა. „სიონს“ უბრუნდება გუნდის კაპიტანი ლევან ხმალაძე, რომელსაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ყვითელი ბარათების გამო კი, გუნდს ცენტრალური მცველი ნიკოლოზ აფაქიძე დააკლდება.
დაბოლოს – ტურის ცენტრალური შეხვედრა 3 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. მესამეადგილოსან თბილისის „დინამოს“ გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ ესტუმრება. პირველი ორი შეხვედრა ბათუმელებმა მოიგეს – თბილისში ანგარიშით 1:0, ხოლო ბათუმში 3:2. თბილისელებს 38 ქულა აქვთ და რევანშის ასაღებად იბრძოლებენ, რაც ორივე ლიდერის, ბათუმის „დინამოსა“ (39 ქულა) და „საბურთალოს“ (39 ქულა) გადასწრების საშუალებას და პირველ ადგილზე დაწინაურების შანსს მისცემს.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს მეორე არხი შემოგთავაზებთ.
სამშაბათი, 2 ივლისი
ტორპედო – ლოკომოტივი
18:00. 26 მაისი – წყალტუბო
ვიტ ჯორჯია – ჩიხურა
19:30. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
საბურთალო – რუსთავი
21:30. მიხეილ მესხი – თბილისი
ოთხშაბათი, 3 ივლისი
დილა – სიონი
19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
დინამო თბ – დინამო ბთ
21:00. დინამო არენა – თბილისი (მეორე არხი)
ამ ტურის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ერთ თვიანი პაუზა გამოცხადდება, თამაშები კი 3 აგვისტოდან განახლდება.