„ბათუმი არენაზე“ ეროვნული ლიგის მორიგი დაპირისპირება ორ „დინამოს“ შორის გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ათი მოთამაშით დარჩნენ, ქულა მაინც მოიპოვეს 2:2.
უხვგოლიან და სანახაობრივ შეხვედრაში ბათუმელები ორჯერ დაწინაურდნენ არტიომ მილჩენკოს და ნიკა კალანდარიშვილის გოლებით. მაგრამ თბილისელებმა ორივეჯერ წონასწორობა აღადგინეს. თავი სანდრო კალანდაძემ და როდგიგე რამუშმა გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა ქულა უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვეს, რადგან მე-18 წუთიდან კაცნაკლულები დარჩნენ – განელმა ნახევარმცველმა, ბარნს ოსეიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
10 ტურის შემდეგ ორივე „დინამო“ უჩვეულო პოზიციაზეა – თბილისელები 12 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო ბათუმელებმა ბოლო პოზიციას თავი დააღწიეს და მე-9-ზე გადაინაცვლეს.
***
ეროვნულ ლიგის მე-10 ტური წყალტუბოში გამართული მატჩით დასრულდა – „სამგურალმა“ „გაგრა“ მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა – 2:0.
ფეხბურთის ფედერაციის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები 23-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავამ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 31-ე წუთზე კლაუდიო სებოლინიამ დააფიქსირა.
„სამგურალმა“ 4-მატჩიანი წაგებული სერია შეწყვიტა და 10 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა, „გაგრა“ (10) კი აუტსაიდერთა ზონაში დაქვეითდა.