ორი აღიარება ერთ ტურში - „ზენიტთან“ ქულა და ტაბიძე სიმბოლურში
ორი აღიარება ერთ ტურში - „ზენიტთან“ ქულა და ტაბიძე სიმბოლურში

ჯიმი ტაბიძე რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა – „უფას“ და საქართველოს ნაკრების მცველს სანკტ-პეტერბურგში „ზენიტთან“ კარგი თამაში დაუფასდა. „უფამ“ გათამაშების ლიდერთან შეხვედრა 0:0 დაასრულა – სპეციალისტების აზრით, ამაში დიდი როლი ქართველმა მცველმა ითამაშა.

უფას სანკტ-პეტერბურგში გოლი არ გაუშვია და ეს უდიდესი მიღწევაა. ამაში ტაბიძის წვლილი ძალიან დიდია, ის ორთაბრძოლებში კარგი იყო და გუნდს თავდაუზოგავად იცავდა“ – წერს „ჩემპიონატი“, სადაც სიმბოლურ ნაკრებს ვალერი გაზაევი ადგენს.

„უფელები პიტერში მხოლოდ დაცვიდან სათამაშოდ ჩავიდნენ. ისინი ბურთს მთელი დროის მხოლოდ 20%-ს ფლობდნენ, დანარჩენი წუთები კი „ზენიტის“ ზეწოლის გაჩერებას მოანდომეს.მასპინძლებმა ევსეევის გუნდის დაცვითი ბარიერი მაინც ვერ გაარღვიეს. მათ რიგებში ერთ-ერთი საკვანძო როლი ტაბიძემ ითამაშა, რომელიც (დაცვის ცენტრის) მარჯვნივ მოქმედებდა და ზენიტელთა აქტიურობას ახშობდა.

ტაბიძემ არტიომ ძიუბასთან მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა წააგო, თუმცა აიძულა მაქსიმალურად მახვილი კუთხიდან დაერტყა და მეკარეს საქმეს გაუადვილა. ფაქტია, რომ მის ანგარიშზეა 3 ართმევა, 3 ჩაჭრასთან ერთად, პლუს ორჯერ დაბლოკილი დარტყმა“ – ეს უკვე ნაწყვეტია „ფუტბოლ კულიჩკის“ წერილიდან, რომელმაც 23 წლის ქართველი მცველი ასევე ტურის 11 რჩეულში დაასახელა.