ორგეს შეჰი - „იბერიასთან“ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ #1TVSPORT
ტირანას „პარტიზანის“ მწვრთნელმა, ორგეს შეჰიმ „იბერიასთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, პირველ მატჩში 0:2 მარცხის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლაზე ფიქრობს.
„პირველი მატჩის შედეგი მომდევნო წრეში გასვლის მცირე შანსს გვიტოვებს. ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ ორმატჩიან დაპირისპირებაში პირველი შეხვედრა ყველაფერს არ წყვეტს და მოგებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ. ფეხბურთელებს მოვუწოდე, მთელი ძალებით შეუტიონ. მაგრამ დაცვაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
თბილისში დაცვაში არც ისე კომპაქტურად ვითამაშეთ და თითოეულ ტაიმში გოლი გავუშვით, შემდეგ კი 10 ფეხბურთელით დავრჩით. ამას გარდა, ზედმეტად ვინერვიულეთ და „იბერიამ“ დაგვსაჯა. ახლა, დარწმუნებული ვარ, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. რაპაი დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება, მურატაი კი კლუბს კონტრაქტის შეწყვეტაზე შეუთანხმდა. სხვები, ვინც მოედანზე იქნებიან, შეეცდებიან, მათი დანაკლისი არ გვაგრძნობინონ.
თბილისში „იბერიის“ აგრესიულობა სამართლიანი თამაშის ფარგლებს სცდებოდა. მსაჯს, ჩვენს ფეხბურთელთან ერთად, ერთ-ერთი ქართველის გაძევებაც შეეძლო. ეს ორმაგი სტანდარტი აშკარა იყო, ევროტურნირზე უკეთეს მსაჯობას ველოდი“, – ამბობს „პარტიზანის“ მწვრთნელი.