ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლები ქიქოძის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

ადგილზე იმყოფება გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რესტორანში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დღეს გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, დღეს აქ მოვიდნენ, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ ეს ადამიანები არიან მკვლელები.

„გავიგეთ, რომ აღნიშნავენ ვანო მერაბიშვილის გამოსვლას. მოვედით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ესენი არიან მკვლელები. ციხიდან გამოვიდა მოსუქებული, თითქოს კურორტიდან გამოვიდა, მაგის მინისტრობის დროს ციხეებში პატიმრები კვდებოდნენ, ქუჩებზე სისხლის მდინარეები მოდიოდა“, – განაცხადა იამ მეტრეველმა.

ცოტა ხნის წინ, ქიქოძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ორი გვამის მინისტრთან მოხვედით? არ გრცხვენიათ?“, – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ოთარ კახიძეს.

„თქვენთან საუბარს არ ვაპირებ. რაც შეეხება ორი გვამის საკითხს, ამასთან დაკავშირებით მერაბიშვილს ბრალი წარდგენილი არ აქვს. მე ხომ არ მთხოვთ ბრალის წარდგენას? ეს აქცია უნდა გამართოთ პროკურატურასთან, პროკურატურას უნდა მოსთხოვოთ. გიხსნით, რატომ არის თქვენი ბრალდება აბსურდული. კობა ოთანაძე, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, გადაიყვანეს საავადმყოფოში. თქვენ რაზეც ლაპარაკობთ, რომ მოკლეს ადამიანი და გვამს ითხოვდნენ, სპედანიშნულების რაზმა გადაიყვანა საავადმყოფოში და კარგია, რომ გადარჩა, დღესაც არის ცოცხალი“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დეპუტატს მიმართა -„ ხელები დახვრეტილი ჰქონდა და დაჭრილი იყო? გია კრიალაშვილი რატომ არ არის ცოცხალი?“.

საპასუხოდ, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ გია კრიალაშვილი სპეცოპერაციის დროს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

„დაკვეთა რომ ყოფილიყო ლიკვიდაცია, მაშინ სპეცდანიშნულების რაზმი არ გადაიყვანდა საავამდყოფოში. გასაგებია, ეს აქცია რასაც ემსახურება, ესენი არიან ხელისუფლების მოგზავნილი ხალხი“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

„სისხლს რომ ითხოვს, ოჯახის გაუბედურებას რომ ითხოვს, ასეთ ადამიანთან აპირებთ პოლიტიკურ თამანშრომლობას?“ ,- მიმართეს აქციის მონაწილეებმა პთარ კახიძეს.

„არ ითხოვს, ტყუილია ეს“ ,- უპასუხა მათ კახიძემ.

„ორი გვამი“, „მკვლელო“ – სკანდირებენ შეკრებულები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის ფოტოებით გამოსახული პლაკატები აქვთ მიტანილი.

დატოვე კომენტარი