ორგანიზაცია „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ პრემიერს მიმართავს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვებისთვის ჩატარებული ტენდერით დაინტერესდეს
ორგანიზაცია „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ პრემიერს მიმართავს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვებისთვის ჩატარებული ტენდერით დაინტერესდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ პრემიერს, იუსტიციის მინისტრსა და პროკურატურას მიმართავს, დაინტერესდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისთვის ჩატარებული ტენდერის მასალებით.

როგორც ორგანიზაციის წევრი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა კორუფციული გარიგებისა და დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები.

„ტენდერში გამარჯვებულად შპს „ილი ჯგუფი“ გამოვლინდა. ამ ჯგუფმა ტენდერში წარმოადგინა ქართულ კომპანიასთან შპს „ათინათისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება რძის პროდუქტების ვითომდა მიწოდების შესახებ. თუმცა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შ.პ.ს „ათინათი“ არ გახლავთ რძის პროდუქტების მწარმოებელი. კომპანია მხოლოდ ახდენს სხვის მიერ უცხოეთს ნაწარმოები პროდუქტის შეფუთვას“, – განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

არასამთავრიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ „ილი“ ჯგუფმა სატენდერო პირობა დაარღვია, რასაც უნდა მოჰყოლოდა დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების და სატენდერო პირობების დარღვევის გამო. ადვოკატი ამბობს, რომ კანონდარღვევის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა 18 და 25 ნოემბერს შემსყიდველს – იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

შემსყიდველმა ორგანომ არ გადაამოწმა მიწოდებული ინფორმაცია, არ მიიღო შესაბამისი ზომები და შ.პ.ს. „ილი ჯგუფთან“ აფორმებს სამწლიან 73 მილიონი ლარის ხელშეკრულებას, მსჯავრდებულ/ბრალდებულთა კვებითი მომსახურეობის შესყიდვაზე“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ სახეზეა ყალბი დოკუმენტების შექმნით, სახელმწიფოს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისთვის გამოყოფილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების დანაშაულებრივი გზით მითვისების მცდელობა შ.პ.ს „ილი ჯგუფის“ მიერ და სატენდერო კომისიის არაკომპეტენტურობა და დანაშაულში თანამონაწილეობა, რის გამოც, არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამისი უწყებებიდან რეაგირებას ითხოვს.

დატოვე კომენტარი