ორბელიანების სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს
ორბელიანების სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს
პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას გუშინ გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკრაინის გვერდით არის.

„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.