ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშის დაშვებას გიორგი ანწუხელიძის ოჯახი დაესწრო [ვიდეო]

ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად მიაგო პატივი 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოში დროშის დაშვების ცერემონია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის 6 აგვისტოს განკარგულების შესაბამისად განხორციელდა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაუშვეს.