ორბელიანების სასახლეში მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ და 10 წლის მუსიკოსმა ცოტნე ზედგენიძემ კარანტინში შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს
ორბელიანების სასახლეში მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ და 10 წლის მუსიკოსმა ცოტნე ზედგენიძემ კარანტინში შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს

ორბელიანების სასახლეში მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ და 10 წლის მუსიკოსმა ცოტნე ზედგენიძემ კარანტინში შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.

მამუკა ცეცხლაძის გამოფენა ROMA დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში, პანდემიის გამოწვევის დაძლევა მხოლოდ სოლიდარობით და ხელოვნებით იქნება შესაძლებელი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, „კოვიდის“ შეზღუდვების მოხსნის შემდგომ აღდგა სიცოცხლე ამ სასახლეში. პანდემიისას ჩვენ ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. მსოფლიო გაჩერდა და ადამიანებმა შეძლეს დაფიქრება და რაც მთავარია, ხელოვანებმა თავიანთი შემოქმედებით შეძლეს ამ სიტუაციის როგორც ტრაგიზმის ასევე, იმედის გამოხატვა. დღეს საშუალება გვექნება, გავეცნოთ ხელოვნების ამ დიდ ძალას. მსოფლიოში წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევა ხელოვნებასა და კულტურას ყოველთვის შეუძლია. ჩვენი საზოგადოება ძალიან დამოკიდებულია თავისი კულტურის ძალაზე, რამეთუ ჩვენი იდენტობა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ამ კულტურიდან მოდის და ამან შეგვაძლებინა ყველაფერი, რაც შევძელით.

ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ორი ძალიან განსხვავებული ხელოვანი და პიროვნება დავპატიჟეთ: მხატვარი მამუკა ცეცხლაძე და ახალგაზრდა პიანისტი ცოტნე ზედგენიძე. მამუკა ცეცხლაძის ძალიან საინტერესო გამოფენა ეძღვნება, როგორც იმ ქვეყანას, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ სხვებზე მეტად შეეხო პანდემია ასევე, მთელ მსოფლიოს, რომელიც ამ გამოწვევის წინაშეა. ეს ყველას საერთო ბედია.

დღეს ძალიან ახალგაზრდა პიანისტი ცოტნე ზედგენიძე, შეასრულებს თავის კომპოზიციას, რომელიც ასევე შეიქმნა პანდემიის დროს. ორივე ძალიან განსხვავებული ხელოვანია, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით დიდ იმედს გვაძლევენ. ჩვენ შევძლებთ, ვიფიქროთ, რომ რაც უნდა რთული იყოს წარსული და მომავალი დღეები ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს და დიდი იმედისმომცემია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა შემოქმედებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხვალ, პირველ აგვისტოს ორბელიანების სასახლეში, მხოლოდ ერთი დღით, მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენის ROMA დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელიც ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] გამოფენაზე ვიზიტს დაჯავშნის – პირად მონაცემებს გადაგზავნის და გამოფენის დათვალიერების სასურველ დროს მიუთითებს.