ოქსფორდის პროფესორმა GOAT-ის ინდექსი შექმნა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა #1TVSPORT
ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორმა ტომ კროუფორდმა შეიმუშავა ინდექსი GOAT, რისი მიზანიც იყო ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელის გამოვლენა.
რეიტინგს სათავეში ჩაუდგა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც 100-პროცენტიანი შეფასება მიიღო. ლიონელ მესი, პელე, ფერენც პუშკაში და რონალდო საუკეთესი ხუთეულში შევიდნენ.
არსებობს შვიდი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც რონალდო სათავეში ჩაუდგა რეიტინგს. პირველი ორი – რეკორდები და ტიტულები, შემდეგ მოდის სტატისტიკა სანაკრებო დონეზე და საერთაშორისო ტიტულები, ცალკე ითვლება „ოქროს ბურთები“, ინდივიდუალური პრიზები და „X ფაქტორის“ სეზონები, რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთელების სტატისტიკას ბოლო ხუთ სეზონში და მათ გადამწყვეტ წვლილს თავიანთი კლუბების გამარჯვებებში.
კრიშტიანო რონალდომ კარიერაში ყველა ტურნირზე 1122 მატჩი ჩაატარა და 815 გოლი გაიტანა, მესის 974 მატჩში 769 გოლი დაუგროვდა.
რაც შეეხება საკლუბო ტიტულებს, აქ პირველ ადგილზეა მესი, თუმცა, რონალდოს ერთით მეტი მოგება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე და ეროვნული ჩემპიონატების ტიტულები სამ ქვეყანაში.
საერთაშორისო დონეზე პორტუგალიელი ფორვარდი ერთი თავით მაღლა დგას თავის კონკურენტზე – ის შარშან ეროვნული ნაკრებების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლიონელსაც და კრიშტიანოსაც მოგებული აქვთ ჩემპიონატები საკუთარ კონტინენტებზე: პორტუგალიელმა გაიმარჯვა ევრო 2016-ზე, ხოლო არგენტინელმა – 2021 წლის კოპა ამერიკაზე.
მესის შვიდი „ოქროს ბურთი“ აქვს, რონალდოს – ხუთი. ორივეს მაღალი მაჩვენებლები აქვს X-ფაქტორში, მაგრამ პროფესორ ტომ კროუფორდის ჯამური რეიტინგის მიხედვით, ყველა დროის საუკეთესი ფეხბურთელი სწორედ კრიშტიანო რონალდო გამოდის.
რეიტინგის TOP10:
- კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 100%
- ლიონელ მესი (არგენტინა)- 94%
- პელე (ბრაზილია)- 85%
- ფერენც პუშკაში (უნგრეთი)- 57%
- რონალდო (ბრაზილია)- 52%
- მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები)- 44%
- ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა)- 37%
- მიშელ პლატინი (საფრანგეთი)- 33%
- დიეგო მარადონა (არგენტინა)- 31%
10. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები)- 30%