ოქრიაშვილს გამოკვლევას ჩაუტარებენ
ოქრიაშვილს გამოკვლევას ჩაუტარებენ

საქართველოს ნაკრების და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ჯერ მოედანს ვერ დაუბრუნდა და ზუსტი ვადაც უცნობია, თამაშს როდის შეძლებს.

„ოქრიაშვილი გაივლის გამოკვლევას, რათა დადგინდეს მისი მდგომარეობა და მოედანზე დაბრუნებას როდის შეძლებს. ცნობილი იყო, რომ ფეხბურთელს მუხლი ჰქონდა შეშუპებული. ამის გამო იყო სავარაუდო ვადა დათქმული, რომ ვარჯიშებს დაახლოებით 2-3 კვირა გააცდენდა. ამიტომ, თუ შეშუპება ჩაცხრება, ის თანდათან დაუბრუნდება გუნდს და სრულფასოვან ვარჯიშს შეძლებს. ამ დროისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშზე ვერ მიდიოდა, მისი თამაში „ჰერმესის“ წინააღმდეგ საეჭვოა“, – იუწყება კვიპროსული ინტერნეტ-გამოცემა anorthosis24.

თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ევრო 2020-ის პლეიოფის ფინალში ტრავმით ითამაშა და შემდეგი ორი შეხვედრის ჩატარება სომხეთთან და ესტონეთთან ვერ შეძლო. 28 წლის ფეხბურთელს მას შემდეგ არ უვარჯიშია და მკურნალობს.

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგი ტურის შეხვედრას „ჰერმესის“ წინააღმდეგ 12 დეკემბერს გასვლაზე ჩაატარებს. თავიდან კი ოპტიმისტური ვარაუდი იყო, რომ ოქრიაშვილი თამაშს დეკემბრის დასაწყისში შეძლებდა.