ოქრიაშვილი - რომლისგანაც რუსები მუდამ შოუს ელიან 
ოქრიაშვილი - რომლისგანაც რუსები მუდამ შოუს ელიან 

„სევილიასთან“ გატანილი გოლით, თორნიკე ოქრიაშვილმა ყველას თავი შეახსენა. რუსულმა გამოცემა „სპორტსმა“ 26 წლის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა.

მოედანზე ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ „კრასნოდარის“ მთავარ გუნდში დაბრუნებულმა ოქრიაშვილმა, პირველად ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ითამაშა და ესპანელებთან გატანილი ეფექტური „მაკრატელათი“ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

რუსულ სპორტულ გამოცემასთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, ოქრიაშვილმა დონეცკის „შახტარიდან“ წამოსვლაც გაიხსენა, რომელსაც მისი ტრანსფერი 2010-2014 წლებში ეკუთვნოდა.

„ოდესის „ჩერნომორეცს“ ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ „შახტარმა“ დამარწმუნა, რომ დონეცკში ჩემზე იმედებს ამყარებდნენ. თუმცა, დაბრუნებული მივხვდი, რომ ლუჩესკუმ ამას თაობაზე არაფერი იცოდა. ის უბრალოდ არ მიყურებდა და ვარჯიშებზე არ მამჩნევდა. მე ვინდომებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ლუჩესკუსთვის ეს სულ ერთი იყო. მას ახალგაზრდების იმედი არც ჰქონდა. ბრაზილიელები ჰყავდა და ნორმალური შანსი არც მოუცია“ – ამბობს ოქრიაშვილი.

ინტერნეტ-გამოცემა sports.ru ქართველ ფეხბურთელს ასე ახასიათებს: „მას შემდეგ, რაც „კრასნოდარში“ გადავიდა, ყველაფერი წესრიგში მაშინაც არ ჰქონდა: ძირითადში დამკვიდრება ვერ მოახერხა (სამ წელიწადში 600 წუთიც არ უთამაშია), შარშან კი ორჯერ უმძიმესი ტრავმა მიიღო. მაგრამ როგორც კი ოქრიაშვილი მოედანზე გადის, ყველა აუცილებლად შოუს ელის.“