თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელათი კრასნოდარმა სევილია დაამარცხა [ვიდეო]
თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელათი კრასნოდარმა სევილია დაამარცხა [ვიდეო]

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა – თორნიკე ოქრიაშვილმა, უეფას ევროპის ლიგაზე მიმდინარე სეზონის ერთერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ოქრიაშვილის კრასნოდარი, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „სევილიას“ მასპინძლობდა და პირველი ტაიმი 0:1 დათმო. ესპანელები 43-ე წუთზე – კაბორეს ავტოგოლის შედეგად დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარიც სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ კრასნოდარელთა მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებები არ განახორციელა.

ფომენკომ, ჯერ 69-ე წუთზე, ავტოგოლის ავტორი კაბორეს ნაცვლად მოედანზე ურუგვაელი პერეირა შემოუშვა, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან სამ წუთში ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე კი მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილიც შემოვიდა, რომელმაც ვანდერსონი შეცვალა და ოთხ წუთში მატჩის და მთლიანად ტურის მთავარი გმირი გახდა.

88-ე წუთზე ქართველმა შემტევმა მეტოქის საჯარიმოში, კლაესონის თავით დაგდებული ბურთი ანდალუსიელთა კარში „მაკრატელა“ დარტყმით გადაგზავნა.

 

ეს გოლი ძალიან ჰგავდა ორი წლის წინ თორნიკეს მიერ „ზენიტის“ კარში გატანილ ბურთს.

საბოლოოდ მატჩი კრასნოდარელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ ოქრიაშვილის გუნდს, ევროპა ლიგის J ჯგუფში 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას „კრასნოდარი“ – ბელგიაში, ლიეჟის „სტანდარტთან“, 25 ოქტომბერს გამართავს.

დატოვე კომენტარი