ოქრიაშვილი კვიპროსში სეზონის შეჩერებას გამოეხმაურა - ეს ძალიან ცუდია
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსში ჩემპიონატის შეწყვეტით უკმაყოფილოა – ამის შესახებ ფეხბურთელმა „ინსტაგრამში“ ისაუბრა.
„მათთვის, ვისაც აინტერესებდა, გაგრძელდება თუ არა კვიპროსის ჩემპიონატი – 99 პროცენტით, ეს არ მოხდება. გაუგებარია, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს. მრავალ ქვეყანაში გუნდებმა ვარჯიშები განაახლეს და სეზონის გასაგრძელებლად მზადება დაიწყეს. 700-ათასიან კუნძულზე კი ჩემპიონატი ჩაშალეს. ეს ძალიან ცუდია. მაგრამ ყველაფერი გრძელდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ახალი ეტაპებისთვის ვემზადებით“, – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატი შეწყვიტა და ჩემპიონად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისის“ კონკურენტი „ომონია“ დაასახელა. ფამაგუსტელები ევროპის ლიგაზე ითამაშებენ. 23 ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 46-46 ქულა დააგროვა, „ომონია“ პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსით გავიდა. აღსანიშნავია, რომ 21-ე ტურამდე სატურნირო ცხრილში თემურ ქეცბაიას გუნდი ლიდერობდა.