„ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლებმა ქუთაისში დახურული შეხვედრა გამართეს

„ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გადაღების საშუალება არ მიეცათ.

როგორც „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დასამალი არაფერი აქვთ, თუმცა შეხვედრას ესწრებიან ადამიანები, რომლებსაც მათთან გულახდილი საუბარი სურთ.

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, მაგრამ აქ ესწრებიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, გულახდილი საუბარი უნდათ ჩვენთან. ჩვენ ავტორიტარულ, ტირანიისკენ გარდამავალ რეჟიმში ვცხოვრობთ და არ გვინდა, ჩვენი მხარდამჭერები ჩავაგდოთ იმ მდგომარეობაში, როდესაც მათ მოუწევთ რაღაცა კითხვებისგან თავის არიდება. ჩვენ გვინდა ძალიან გულახდილი დიალოგი. თქვენც არა ხართ შუაში, ამას ჩვენი მედიის თანდასწრებითაც არ ვაკეთებთ ხოლმე“, – განუცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მოქალაქე ლევან ქართველიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა, თუმცა შეხვედრა დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

„იყო შეხვედრა, თან ღია, საჯაროო და გამომიშვეს, გამომაგდეს. ქოცი ხარ შენო. ჩემი არხი მაქვს ტიკ-ტოკზე, ჩემი მოსაზრება გამაჩნია, ჩემს აზრს ვაფიქსირებ, მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულება და ამიტომ გამომაგდეს. არაფერი არ დამიფიქსირებია. თავიდან ჩავწერე გიგი წერეთელი, შემდეგ უცებ მოვიდა ორი ადამიანი, შენ ქოცი ტიკ-ტოკერი ხარ და დატოვეო. როგორ მეთქი, რეგისტრაცია გავიარე. ვერ გადაწყვიტეს – ჯერ დაჯექიო, მერე ადექიო და შემდეგ გამომიშვეს,  გამომაგდეს გარეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ქართველიშვილმა.