სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთავარი საკითხი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ოპოზიციონერი ლიდერებისა თუ აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეები იყო. მომავალში ოპოზიცია გეგმავს, დიპლომატებს გადასცეს იმ გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეების სია, რომლებიც ამ საქმეებში არიან ჩართული და მათი აზრით, პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო პოლიტპატიმრების საკითხი და ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში. ხუმრობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გადაიქცა ოპოზიციის შტაბბინად, რადგან ყველა დარბაზში რაღაც პოლიტიკური პროცესი მიდის და ბუნებრივია, ეს არანორმალურ სიტუაციას ბადებს.
ამასთან ერთად, სულ უფრო მოხშირდა თავდასხმები, რომლებიც ასევე დაუსჯელად მთავრდება და პირიქით, აქეთ გვადანაშაულებენ ხოლმე თავდასხმაში. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის პროფაილს გავაკეთებთ და გავუგზავნეთ საელჩოებს, ვინც ამ პოლიტიკურ „გაპრავებაში“ არიან ჩართული. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის დავალებას იძლევა ივანიშვილი, ივანიშვილზე მიწვდომა არის შედარებით რთული, სანამ მართლა ქიმიურ ომს არ დაუწყებს საკუთარ ხალხს. მაგრამ იმ პროკურორების, მოსამართლეები, გამომძიებლები, ვინც ამ „გაპრავებაში“ არიან ჩართული, მათ წინააღმდეგ ჩვენ შევეცდებით და დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად, რომ წარმატებულადაც მივაღწევთ, რომ მათ თავისუფალ ქვეყნებში გადაადგილების უფლება არ ექნებათ, ანუ ვიზას აღარ მისცემენ. ეს მიღწევადია ამოცანაა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგი უგულავამ.