ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ - მოვუწოდებთ კოლეგებს, რომლებიც შეთანხმებას ჯერ არ შემოერთებიან, ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულებები
ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ - მოვუწოდებთ კოლეგებს, რომლებიც შეთანხმებას ჯერ არ შემოერთებიან, ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულებები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და კოლეგებს მიმართავენ, რომელთაც შეთანხმებაზე ჯერ არ მოუწერიათ ხელი.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.

შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ის სენატორებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ შეთანხმების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატება – გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან და გამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს საქართველოს სწრაფ, დემოკრატიულ განვითარებას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები: არმაზ ახვლედიანი; თეონა აქუბარდია; დავით ბაქრაძე გიორგი ვაშაძე; პაატა მანჯგალაძე; ანა ნაცვლიშვილი; სალომე სამადაშვილი; ხათუნა სამნიძე; დავით უსუფაშვილი; შალვა შავგულიძე; მამუკა ხაზარაძე; ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ ჯაფარიძე.

ერთობლივი განცხადების ტექსტს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.