ოპოზიციის ლიდერები ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და 15 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
ოპოზიციის ლიდერები ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და 15 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

ოპოზიციის ლიდერები დღეს მოსახლეობასთან შეხვედრებს ბათუმში მართავენ და მათ 15 მაისს დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

დღეს ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრები ბათუმის აგრარული ბაზრიდან დაიწყეს.

მათ გამოჩენას ბაზარში მყოფთა ნაწილი უკმაყოფილო და მცირედი ხმაურით შეხვდა, ნაწილმა კი მათი შეხედულებები გაიზიარა.

„ძალიან გაჭირდა ცხოვრება. პროცენტს პროცენტზე ვიხდით ბანკში. თუ მოვლენ და ამას შეცვლიან, ჩავალ აქციაზე აუცილებლად“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ სხვებს.

„თქვენ გინდათ არეულობა და რევოლუცია? ამ პანდემიის დროს რა დროს ეგ არის, თქვენ ხართ მიშას მონები“, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს ბაზარში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვიერად დაუპირისპირდა, თუმცა სიტუაცია შელაპარაკებას არ გასცდენია.

„ჩვენი მიზანია, ავუხსნათ მოსახლეობას, რატომ უნდა ჩამოვიდნენ აქციაზე, რატომ არის შესაცვლელი ქვეყანაში ბევრი რამ, რატომ უნდა ჰქონდეთ დაგროვილი ბრაზის გამო პროტესტის გამოხატვის სურვილი და გვინდა, ავუხსნათ, რატომ მიდის ქვეყანაში ყველაფერი უკან-უკან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიცია აგრარული ბაზრის შემდეგ ბათუმში დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრას გეგმავს.