ოპოზიციის წარმომადგენელთა აქციები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთანაც მიმდინარეობს
ოპოზიციის წარმომადგენელთა აქციები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთანაც მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან პარტიის ლიდერები. მათი განცხადებით, სურთ იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პირადად არის პასუხისმგებელი.

სამინისტროსთან მობილიზებული არიან სამართლდამცველები, რომლებსაც შენობის შესასვლელები ცოცხალი ჯაჭვით აქვთ გადაკეტილი.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ პატიმრის ნებისმიერ გადაადგილებაზე, გადაყვანაზე და მის პირობებზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო და უფრო კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი. ეს არის სამინისტრო, რომელიც ახლა, ამ წუთებშიც უხეშად არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და ერთ-ერთი ლოკაცია იქნება აქ. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთოს განცხადებები არა ორჭოფული, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე მინისტრის მოადგილეები და ხანდახან მინისტრიც, არის თუ არა ციხის საავადმყოფო ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილს ექნება ადეკვატური ჯანდაცვა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. კარგად მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ის სამსახური, რომელიც პრაქტიკულად მართავს ამ ქვეყანას, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დაყრდნობილია მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე და იმ შავ ფულზე, რომელსაც ის არიგებს ხოლმე არჩევნებზე. სწორედ ამიტომ, დღეს შეირჩა ეს ლოკაცია, გაიმართება საპროტესტო აქციები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი სიმტკიცით, გამძლეობით და მშვიდობიანი მანიფესტაციებით, აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზნებს, რაც აქვს საპროტესტო ტალღას. პირადად მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, რატი ბრეგაძესთან შეხვედრის არანაირი სურვილი არა მაქვს. წლების წინ რატი ბრეგაძე ათენებდა და აღამებდა ჩემს მისაღებში და ჰქონდა სურვილი, შემხვედროდა, მე კარგად ვიცნობ მას. უბრალოდ ის, როგორც მინისტრი, ვალდებულია შეხვდეს როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, ასევე უამრავ ადამიანს, რომელიც აქ შეიკრიბა“, – განაცხადა კირკიტაძემ.

კითხვაზე, რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ არ შეგხვდებათ იუსტიციის მინისტრი, კირკიტაძემ განაცხადა: „გეტყოდით ახლა, უბრალოდ, გოგონები არიან“, – აღნიშნა კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ აქციაზე განაცხადა, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დააკავეს თორნიკე ბიკაშვილი. მეორე პირი ჯერჯერობით მეც არ ვიცი. ფაქტია, ეს არის უკანონო დაკავებები. სამი ქალი დეპუტატი ვართ ადგილზე – მე, ხატია დეკანოიძე და ნატო ჩხეიძე, რომლებიც ვითხოვთ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან. მინდა, აღვნიშნო, რომ გუშინ ყველაზე ადეკვატური იყო სწორედ ჯანდაცვის უწყება, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებულ ჰოსპიტალში ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს. ბუნებრივია, ეს შეფასება იმსახურებს განხილვას. სწორედ ამ თემის განსახილველად ვართ მოსული. მოვუწოდებ პოლიციას, თავი შეიკავოს უკანონო დაკავებისგან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.