ოპოზიციამ ე.წ. შავ სიას „20 ივნისის სია“ დაარქვა
ოპოზიციამ ე.წ. შავ სიას „20 ივნისის სია“ დაარქვა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიას, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს არა „შავი სია“, არამედ  „20 ივნისის სია“ ერქმევა.

როგორც ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სიაში შესაყვან ადამიანებთან დაკავშირებით კონკრეტული მექანიზმი შემუშავდა.

„კომისია შეიკრიბება, სადაც განიხილავს თითოეულ სახელსა და გვარს, იმ მამტკიცებელ საბუთებს, რომლითაც დასტურდება მათი მხრიდან პოლიტიკური დავალებების შესრულება, დამტკიცდება ეს სახელები და გვარები საერთო შეკრებაზე და შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველ რიგში ეს არის რეგიონული აქციები, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება და უფრო სისტემური, მასობრივი ხასიათი ექნება. მეორე არის პარლამენტის პიკეტირება, რომელიც იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში იქნება, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მესამეა მზადება დიდი შეკრებისთვის თბილისში, რომლის თარიღსაც უკვე თვის ბოლოსთვის დავსახელებთ. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვართ დამოკიდებული, ეს არის ეუთო ოდირის დასკვნა, ასევე მონაცემები, რომლებიც უნდა მივიღოთ საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მთავარი – ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან. 20 იანვრისთვის გვექნება დეტალური თარიღები. ველოდებით რამდენიმე დეტალურ შეტყობინებას, მათ შორის ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, რომელიც დახურულ რეჟიმში განვიხილეთ და, რომელზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ ე.წ. შავ სიაზე მუშაობდნენ. მათი თქმით, სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდებოდა და ის შეეხებოდა: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეულიც შეათანხმა  და დაანონსა, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდებოდა ცნობილი.