ოპერაცია შავ ზღვაში: სამხედრო-საზღვაო ძალებმა ბულგარეთის სანაპიროსთან პოტენციურად საშიში დრონის განეიტრალება მოახდინეს
ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული დრონი
ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაცით, 22 ივლისს, შავ ზღვაში, საკურორტო ქალაქ ახტოპოლიდან დაახლოებით 21 საზღვაო მილის დაშორებით, უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
ობიექტი ბურგასის პორტიდან გამოსული ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ჯგუფის ხომალდებიდან შენიშნეს. შემოწმებისას, მყვინთავთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს იყო მოდრეიფე დრონი, რომელსაც ფრთა ჰქონდა დაზიანებული. მის კორპუსზე საბრძოლო მასალა არ აღმოჩნდა, თუმცა არ გამოირიცხა, რომ ის შიგნით ყოფილიყო მოთავსებული.
ტერიტორია შემოსაზღვრეს და უსაფრთხოების ზომები მიიღეს, ხოლო გამვლელ გემებს მარშრუტი შეუცვალეს. გამაფრთხილებელი შეტყობინება ამ ზონაში მყოფ ხომალდებსაც გაეგზავნათ. სარდლობისგან ნებართვის მიღების შემდეგ, ობიექტი სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავთა ჯგუფმა გაანადგურა.
ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, შავი ზღვის ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფის ხომალდები განაგრძობენ ერთობლივ ოპერაციებს და მუდმივად აკონტროლებენ ობიექტებს, რომლებმაც საზღვაო გემებს, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან.