ონის მერი - შოვის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა პირველი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის გამოყვანა
ონის მერი - შოვის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა პირველი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის გამოყვანა

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას, სავარაუდოდ, დილის 06:00 საათიდან განაახლებენ და მოხდება იმ 150-მდე მოქალაქის გამოყვანა, რომლებიც მაშველებთან ერთად იმყოფებიან.

„ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ყველა სამინისტრო ჩართულია. ამ ეტაპზე, სამაშველო სამსახურებთან ერთად, ლოკაციებზე, სადაც მოხდა სტიქია, იმყოფება 150-მდე მოქალაქე, რომლებსაც გამოვიყვანთ ტერიტორიიდან, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა. დილითვე, ალბათ 06:00 საათიდან უკვე ვერტმფრენების გადაფრენა მოხდება. კურორტ შოვის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა პირველი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის ტერიტორიიდან გამოყვანა“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

რაც შეეხება უკვე გამოყვანილ მოსახლეობას, ონის მერის თქმით, მათი გარკვეული ნაწილი დაუბრუნდა სახლებს, ნაწილი კი განთავსდა სასტუმროებში. მისივე განცხადებით, ყველა ხარჯს ონის მერია დაფარავს.

„ვითარებას ამძიმებს შედარებით გაუარესებული ამინდი. თუმცა, საბედნიეროდ, არ არის ისეთი ცუდი ამინდი, რომ ხელი შეუშალოს სამაშველო ოპერაციას. ვერტმფრენების ჩართვა რომც ვერ მოხდეს, სამაშველოები მუშაობას არ შეწყვეტენ“, – აღნიშნა სერგო ხიდეშელმა.