ONE Campaign-ის ანგარიშის მიხედვით, მდიდარი ქვეყნები ვაქცინის საჭიროზე მილიარდით მეტი დოზით არიან უზრუნველყოფილი
ONE Campaign-ის ანგარიშის მიხედვით, მდიდარი ქვეყნები ვაქცინის საჭიროზე მილიარდით მეტი დოზით არიან უზრუნველყოფილი

მდიდარი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საჭიროზე მილიარდით მეტი დოზით არიან უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ONE Campaign-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც შესწავლილია ვაქცინების მიწოდების შესახებ შეთანხმებები.

ორგანიზაცია, რომელიც სიღარიბის წინააღმდეგ იბრძვის, მოუწოდებს მდიდარ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, გაუნაწილონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჭარბი დოზები ღარიბ ქვეყნებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მილიარდობით ადამიანი ვერ მიიღებს აუცილებელ დაცვას, რაც დიდი ალბათობით პანდემიას გაახანგრძლივებს.

ONE Campaign-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში შესწავლილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ხუთ წამყვან მწარმოებელთან – „ფაიზერ“/“ბიონტექთან“, „მოდერნასთან“, ოქსფორდის/“ასტრაზენეკასთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“ და „ნოვავაქსთან“ გაფორმებული კონტრაქტები. კვლევამ აჩვენა, რომ ამ დროისთვის აშშ-ს, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას, კანადასა და იაპონიას უზრუნველყოფილი აქვთ სამ მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინა, რაც ერთი მილიარდით მეტია იმაზე, რაც ამ ქვეყნების მთელი მოსახლეობის ორჯერ ასაცრელად არის საჭირო.

ეს ჭარბი რაოდენობა ვაქცინის ნაციონალიზმის განსახიერებაა“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯენი ოტენჰოფმა.