ომის შემთხვევაში, ბალტიის სამი ქვეყნიდან პოლონეთში მილიონი ადამიანი გადავა
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარტინას კატელინასი (მარცხნივ), ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი (ცენტრში) და ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დონატას სკარნულისი ბელარუსის საზღვართან მდებარე პადვარიონისის სასაზღვრო პოსტზე. 2026 წლის 8 სექტემბერი
ომის შემთხვევაში, ბალტიის სამი ქვეყნიდან პოლონეთში, შესაძლოა, მილიონამდე ადამიანი გადავიდეს. ეს განცხადება ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა 5 ოქტომბერს გააკეთა.
მარტინას კატელინასის თქმით, ლიეტუვამ პოლონეთის საზღვართან, ლოზდიაიში (Łoździeje), პოტენციური ლტოლვილებისთვის სპეციალური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, მანამდე კი ევაკუაციის სწავლებები ჩაატარა.
„ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ჩვენ პოლონეთთან გვაკავშირებს, განკუთვნილია ჩვენი (ბალტიის – რედ.) ქვეყნებიდან დაახლოებით მილიონი, შესაძლოა უფრო მეტი ლტოლვილისთვის, რომელთა ევაკუაციაც შეიძლება ომის დროს გახდეს საჭირო“, – აღნიშნა კატელინასმა.
ეს განცხადება მან პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე, ბუჟისკოში, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მარჩინ კერვინსკისთან ერთად გააკეთა. მანამდე ისინი სუვალკიში შეხვდნენ და ევაკუაციის გეგმები განიხილეს.
კერვინსკის თქმით, კონკრეტულ დანაყოფებს უკვე დაეკისრათ პასუხისმგებლობა საზღვრის კვეთის დროს ევაკუაციის, ინფრასტრუქტურის, ალტერნატიული გადასასვლელებისა და მიმღები პუნქტების მოწყობის საკითხებზე.
„ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას ვიწყებთ“, – აღნიშნა მან.
კერვინსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ერთსულოვნად უნდა გაილაშქრონ სხვადასხვა საფრთხის, მათ შორის რუსული იმპერიალიზმიდან მომდინარე რისკების წინააღმდეგ.
„პოლონეთი და ლიეტუვა დებსა და ძმებს ჰგვანან, რომლებიც მხარს უჭერენ ერთმანეთს და ამას მომავალშიც გააგრძელებენ“, – დასძინა კატელინასმა.
104-კილომეტრიანი საზღვრის საკუთარ მონაკვეთზე პოლონეთი შემოწმებებს 2025 წლის ივლისიდან ატარებს, რასაც გაზრდილი მიგრაციით ხსნის. კონტროლი 13 პუნქტში ხორციელდება.
კატელინასის თქმით, შემოწმებები შემთხვევითობის პრინციპით ტარდება და მათი გამკაცრება არ მომხდარა. მისივე განცხადებით, ზაფხულში წარმოქმნილი გრძელი რიგები უკვე აღარ არსებობს. კირვინსკი კი ხაზს უსვამს, რომ ოფიციალური პირები ცდილობენ, მგზავრებისთვის შექმნილი შეფერხება მინიმუმამდე დაიყვანონ.