„ომიკრონის“ გავრცელების გამო, პარიზში რამდენიმე საახალწლო ღონისძიება უქმდება, ლონდონში კი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
„ომიკრონის“ გავრცელების გამო, პარიზში რამდენიმე საახალწლო ღონისძიება უქმდება, ლონდონში კი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, პარიზში ტრადიციული საახალწლო ფოიერვერკის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. პარიზის მერიის ინფორმაციით, ფოიერვერკთან ერთად გაუქმებულია საახალწლო კონცერტიც.

საახალწლო ღონისძიება პარიზში ყოველწლიურად ელისეის მინდვრებზე იმართება. გარდა ამისა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის მერს საახალწლო დღესასწაულების გაუქმებისკენ, ხოლო მოსახლეობას საშობაო შეკრებების წინ კორონავირუსზე ტესტის აღებისკენ მოუწოდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საფრანგეთში ყოველდღიურად საშუალოდ ვირუსის 50 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება ახალი შტამის გავრცელებით არის გამოწვეული.

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ყოველწლიური საახალწლო ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება ლონდონში. ლონდონის მერმა ტრაფალგარის მოედანზე დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე მოსახლეობის დასწრების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საახალწლო კონცერტი და ტრადიციული ფოიერვერკი „ბიბისის“ ეთერში იქნება ნაჩვენები. სადიკ ხანის განცხადებით, მოსახლეობის დასწრებაზე შეზღუდვა საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო მოხდა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა, ლონდონის მაცხოვრებლების უკმაყოფილება მოჰყვეს, მაგრამ ვირუსის გავრცელების შესამცირებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

ლონდონის მერის თქმით, გასული შვიდი დღის განმავლობაში მხოლოდ ლონდონში კორონავირუსის 65 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 29 %-ით გაიზარდა.