პირველი არხის გადაცემის, „42-ე პარალელის“ ექსპერტმა, ტატო ხუნდაძემ ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ჩინეთის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომისიის ყოფილ მთავარ ეკონომისტთან, თომას პალისთან.
თომას პალი ინტერვიუში საუბრობს უკრაინის ომზე, სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე და ნეოკონსერვატიულ ძალებზე, ასევე საუბრობს მიუმხრობლობის პოლიტიკის შესახებ.
როგორ შეაფასებდით დასავლეთის პოლიტიკას უკრაინაში, განსაკუთრებით, უკრაინის მხარდაჭერისა და მისი პრობლემების მოგვარების გზების მხრივ?
დასავლეთის პოლიტიკა ნამდვილი კატასტროფა იყო. კატასტროფა იყო უკრაინისთვის. ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. შესაძლებელი იყო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა 15 წლის წინ, 10 წლის წინ, და ახლაც კი, 2020-2021 წლებში. ამ ვითარებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ევროპასაც. ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროპა მძიმე მდგომარეობაშია ინფლაციის, ენერგიის ფასების ზრდისა და გერმანული მრეწველობის კონკურენტუნარიანობის კლების გამო. ღრმავდება სოციალური პრობლემებიც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 8 მილიონამდე ლტოლვილი შედის ქვეყანაში, რაც იწვევს ზეწოლას უძრავ ქონებაზე, განათლების სისტემაზე, ასევე იმატებს შრომის ბაზარზე კონკურენცია, რაც ხელფასებზეც პოვებს ასახვას. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამარჯვებული აშშ აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო ევროპის რუსეთისგან ჩამოშორება, ევროპული ექსპორტი აღარ შედის რუსეთში, ამასთან, რუსული ენერგია ამერიკულით ჩანაცვლდა. შედეგად, ნათელია, რომ აშშ-ის ენერგოინდუსტრია ზეიმობს.
სამხედრო თვალსაზრისით, შემდეგი ალტერნატიული სცენარების განვითარებაა მოსალოდნელი: ან გაიმარჯვებს რუსეთი, ან კი უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, გაიზარდოს ბირთვული საფრთხე; ასევე არაა გამორიცხული ხანგრძლივი, გაყინული კონფლიქტი, რომელიც შესაძლოა, ათწლეულები გაგრძელდეს. ეს კატასტროფული შედეგია და მთლიანად ამერიკის პოლიტიკითაა ნაკარნახევი. ევროპა აშშ-სგან იღებს მითითებებს და შესაბამისად მოქმედებს.
რატომ იქცევა აშშ ასე? ცხადია, მას ეკონომიკური მოტივები აქვს. ამერიკის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსიც იღებს მოგებას ამ ომიდან, არა?
ძალიან კარგი კითხვაა. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი; ომის მიზეზების გაგება შეუძლებელია, თუ მის უკან მდგომი ინტერესები არ ვიცით. ამის მიზეზები აშშ-ის პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, არა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკაში, არამედ ისტორიულადაც. აქ უნდა ვახსენოთ ნეოკონსერვატიზმის იდეა, რომელიც 1990-იან წლების დასაწყისში დამკვიდრდა ამერიკულ პოლიტიკაში. ნეოკონების ფილოსოფია ასეთია: აღარასოდეს უნდა არსებობდეს ძალა, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც აშშ-ის ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის.
ნეოკონები გლობალურ ამერიკულ ჰეგემონიას ესწრაფვიან და ეს მათი მოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაც. მათ უნდა მოეხდინათ რუსეთზე ზეწოლა და დაესუსტებინათ ის, რათა იგი აღარასოდეს შეწინააღმდეგებოდა აშშ-ს. უკრაინაში ჩარევის მიზანი უკრაინის ჩამოშორება იყო რუსეთისგან, რათა გაეღვივებინა დაპირისპირების კერა რუსეთის შუაგულში, რადგან უკრაინის საზღვარი მოსკოვიდან მხოლოდ 300 მილის დაშორებითაა.
სწორედ ამას წერდა თავის წიგნში ზბიგნევ ბრეჟინსკი, ჯიმი კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფიგურა: წაართვი რუსეთს უკრაინა და ამით მუდმივად შეასუსტებ რუსეთს, მუხლებზე დააჩოქებ მას. სწორედ რომ ეს იყო აშშ-ის პოლიტიკის მიზანი ბოლო 20 წლის განმავლობაში და რაწამს ამას გაიაზრებ, ყველაფერი ლაგდება გონებაში. ამის გააზრება სხვა მოვლენების გაგებასაც აადვილებს. ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორებს, ამის გარეშე პოლიტიკაში არაფერი ხდება. შიდა ეკონომიკური რესურსები მნიშვნელოვანია და სწორედ აქ შემოდის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის საკითხი.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი – ეს ტერმინი პირველად პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა გამოიყენა 1961 წელს, თეთრი სახლიდან წასვლისას თავის გამოსათხოვარ სიტყვაში. ეიზენჰაუერი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სამხედრო ადამიანი იყო, რესპუბლიკელი და მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირე ძალების უმაღლესი სარდალი. თავის ბოლო სიტყვაში მან გააფრთხილა ქვეყანა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ და თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის საზიანოა, ცუდია დემოკრატიისთვის – უნდა მოერიდონ მას.
რა არის ეს? ეს არის ალიანსი სამხედრო ძალებს, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროკრატიას, სახელმწიფო დეპარტამენტს – საგარეო პოლიტიკის აპარატსა და თავდაცვის სექტორს შორის, რომელიც ძალზე ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშეს წარმოადგენს შეერთებულ შტატებში. მას გავლენა აქვს კონგრესზე, მედიაზე, პრესაზე და მთლიანად არის შეჭრილი საზოგადოებაში.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ნეოკონსერვატორები თავის ბუნებრივ მოკავშირეებად გაიხადა, რადგან ამერიკის მომავლის პროექტი გლობალური ჰეგემონია თუ იქნებოდა, კვლავ იარსებებდა საფუძველი, რომ ცივი ომის დროინდელი სამხედრო ხარჯის დონე შენარჩუნებულიყო. მეტსაც გეტყვით: თუ თქვენი პროექტი გლობალური ჰეგემონიაა, ეს არის პროექტი, რომელსაც დასასრული არ აქვს – მუდმივად საჭირო იქნება სამხედრო ხარჯები გლობალური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ნეოკონსერვატიულ დოქტრინასთან თუ გავაერთიანებთ, რომელიც დომინირებს როგორც რესპუბლიკელებში, ისე დემოკრატებში და სრულიად ამერიკულ საზოგადოებაში – ნათელი გახდება, რატომ ვიხილეთ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთისკენ, რატომ მოხდა ინტერვენცია უკრაინაში და რატომ ერევიან ამერიკელები საქართველოშიც. ეს რთული საკითხია და იმედი მაქვს, თქვენი აუდიტორია ამას გაიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებმა ეს გაიაზრონ, რათა დაეხმაროს მათ საკუთარ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებთან გამკლავებაში.
საქართველოში ნეოკონებს გლობალური ომის პარტიით მოიხსენიებენ. და ბოლო კითხვა: რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტმა ახალი რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს, რომ მან სანქციები დაუწესოს რუსეთს. ეს ეკონომიკური სირთულეებს მოგვიტანს, რადგან ჩვენ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ვართ რუსეთის ფედერაციაზე – ექსპორტზე გაგვაქვს საქონელი და მომსახურება. მეორე მხრივ, ჩვენ თავად გვაქვს პრობლემები რუსეთთან, ამიტომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ამ პრობლემის გამწვავება, მაგრამ ევროკავშირი თითქოს ორ არჩევანს გვთავაზობს: ერთია, ვიმოქმედოთ რუსეთის წინააღმდეგ და ამავე დროს შევუერთდეთ ევროკავშირს, ამჟამად ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ; ხოლო მეორე არჩევანია, დავრჩეთ ნეიტრალურები ამ კონფლიქტში. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, რას ეტყოდით ქართულ საზოგადოებას ამ რთულ დროს?
სამარცხვინოა, რომ ევროკავშირი ასეთი სახით აიძულებს საქართველოს და, ფაქტობრივად, იქცევა როგორც კლიენტური სახელმწიფო, რომელიც ემორჩილება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსები ძალიან ცუდად მოექცნენ ევროპას და ამისთვის ისინი ისჯებიან ახლა. ისტებლიშმენტი ისჯება საკმაოდ არასასიამოვნოდ. ჩვენ ვხედავთ, როგორ შორდებიან ადამიანები პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და იზრდება რადიკალიზმი, რაც ძალიან საზიანოა ევროპისთვის. ზოგიერთები პროცესების ამგვარ განვითარებას რადიკალებს აბრალებენ, მაგრამ პრობლემა რეალურად პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და ცუდ პოლიტიკაშია. ვფიქრობ, ევროპა სამარცხვინოდ მოქმედებს. ევროპის ომის პარტიის ლიდერს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
რომ დავუბრუნდეთ საქართველოს, ისინი თქვენ თითქოს ორ ცუდ არჩევანს გთავაზობენ, მაგრამ არსებობს მესამე გზა, რომელიც არის მიუმხრობლობა. მიუმხრობლობა ნიშნავს, რომ საქართველო თავად პოულობს საკუთარ გზას – ეს იყო მოძრაობა ცივი ომის პერიოდში, როცა ქვეყნები ცდილობდნენ, არ აერჩიათ საბჭოთა კავშირის ან შეერთებული შტატების მხარე. ამ გზით სვლა დღესაც შესაძლებელია, მეტიც, ამაზე უკეთესი დრო არც ყოფილა. მიზეზი იმისა, რატომ არის დღეს განსაკუთრებით კარგი მომენტი მიუმხრობლობისათვის, არის ჩინეთის გაძლიერება.
ჩინეთი გთავაზობთ ახალ არჩევანს და ბრიქსის ქვეყნებიც, რომლებიც ჩინეთთან ასოცირდებიან. თქვენ ახლა გაქვთ ეკონომიკური და სავაჭრო არჩევანი. ისინი დაგეხმარებიან მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში, მათ შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამერიკელებს. ჩინეთი ავითარებს საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებსაც. ამასთან, საქართველო ნაწილია ახალი აბრეშუმის გზის, რომელსაც ჩინეთი აშენებს. ასე რომ, არსებობს ალტერნატივები ეკონომიკური თვალსაზრისით.
ასევე ვიტყვი, რომ საქართველო მომგებიან პოზიციაშია რუსეთთან მიმართებით. რუსეთს არ სურს ახალი კონფლიქტი თავის საზღვარზე და ახლა სწორედ კარგი დროა მათთან უკეთესი ურთიერთობების დასამყარებლად, თუნდაც ეკონომიკურად. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ასე რომ არსებობს ბუნებრივი კავშირები. შესაძლოა, საქართველო იქცეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმწოდებლად რუსეთისთვის. ასევე, ტურიზმი მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა საქართველოსათვის და რუსები შესანიშნავი ტურისტები არიან.
ეკონომიკაში არსებობს ასეთი ტერმინი: ვაჭრობის გრავიტაციული მოდელი, რომლის თანახმადაც ვაჭრობა განსაკუთრებით მომგებიანია ახლომდებარე ქვეყნებს შორის. თქვენთან ახლოსაა ჩინეთი, ბრიქსის ქვეყნები, რუსეთი. თქვენ შეგიძლიათ, ევროპასაც კი შეუტიოთ და უთხრათ: „თქვენ გინდათ, რომ უარი თქვათ იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველო გთავაზობთ?! ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც აბრეშუმის გზა გაივლის ახალ პორტზე, რომელიც შავ ზღვაში აშენდება?! ამგვარ შესაძლებლობებზე ევროპელები უარს იტყვიან?! ასე რომ, ნუ იქნებით პასიურები და ნუ მისცემთ ევროპელებს უფლებას, იმოქმედოს შეერთებული შტატების კარნახით და გაქციოთ გასაწირ პაიკად თავიანთ კონფლიქტში რუსეთთან.