ოლივერ ვარჰეი - ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს, დღეს გაფართოება უკვე ევროკავშირის სამ ძირითად პრიორიტეტს შორისაა
ოლივერ ვარჰეი - ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს, დღეს გაფართოება უკვე ევროკავშირის სამ ძირითად პრიორიტეტს შორისაა

გაფართოება დაბრუნდა ევროკავშირის პრიორიტეტებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიშნებს, რომ გაფართოება მალე მოხდება, ერთ წელიწადში გვყავს ახალი კანდიდატები, უფრო ზუსტად კი, სამი – უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა; ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მიანიჭა კიდევ ერთ ქვეყანას, საქართველოს, რომელსაც შეუძლია, გახდეს კანდიდატი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ევროპულმა საბჭომ დაადგინა, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

როგორც ვარჰეიმ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გაფართოების დაჩქარება იწყება ინტეგრაციის დაჩქარებით.

„ჩვენ გაწევრიანებაზე ასევე მოლაპარაკებები დავიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. კოსოვომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა. თურქეთში მაისის არჩევნების შემდეგ ევროპულმა საბჭომ კომისიას ახალი ანგარიშის მომზადება დაავალა ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობების განახლებულ ჩართულობასთან დაკავშირებით. ასე რომ, საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ წელს და შარშან, თუმცა ვიმედოვნებ და, შესაძლოა, ეს პროგნოზირებაცაა, რომ ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით. ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს და ჩვენ ამაზე ყველა ვთანხმდებით. კომისია ამ შემადგენლობის დამტკიცებისთანავე იყო და არის ევროკავშირის გაფართოების ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვმუშაობდით ამ საკითხის დღის წესრიგში დასაბრუნებლად, ლიდერების დღის წესრიგში დასაბრუნებლად და თქვენ ხედავთ, რომ დღეს გაფართოება უკვე ევროკავშირის სამ ძირითად პრიორიტეტს შორისაა“, – განაცხადა ვარჰეიმ.

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, გაფართოება ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური პროექტია.

„გაფართოება გეოპოლიტიკური პროექტია რეგიონისთვის. გაფართოება არამხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუციური პროცესია, ის ინტეგრაციაა. უნდა ვისაუბროთ ნამდვილ ინტეგრაციაზე. ინტეგრაცია ნიშნავს საზოგადოების, ეკონომიკის, ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტეგრაციას. ამიტომ, მინდა, გითხრათ, თუ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან. ჩვენ გვინდა, პასუხი გავცეთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება, დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაფართოების დაჩქარება იწყება ინტეგრაციის დაჩქარებით. ეკონომიკის ინტეგრაცია ევროკავშირის წევრობის მთავარი სარგებელია. ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონს სჭირდება ხელმისაწვდომობა ეკონომიკის ზრდის მთავარ წყაროებზე. კანდიდატებს ან წევრობის მისწრაფების მქონე ქვეყნებს ლოდინი უწევთ და ეს საკმარისი არ არის. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ისინი უფრო მეტად დავაახლოოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.