ოლივიე ჟირუ - მესის არ მივცემთ უფლებას, ფინალით ისიამოვნოს #1TVSPORT
ოლივიე ჟირუ - მესის არ მივცემთ უფლებას, ფინალით ისიამოვნოს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან დაპირისპირებაზე.

საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა ლიონელ მესი ახსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტოქეს სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, მაგრამ დეშამის გუნდი ისტორიული გამარჯვების განმეორებისთვის მზად არის.

„მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ უფლებას, ფინალური მატჩით ისიამოვნოს. გვინდა, მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ და თასი კიდევ ერთხელ ავწიოთ. ყველაფერს გავაკეთებთ მის შესაჩერებლად, მაგრამ არგენტინაში მხოლოდ მესი არ არის. მათ ასევე ჰყავთ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელები. ეს არის ის, რაც არგენტინის ნაკრებს ასე ძლიერს ხდის“, – ამბობს ოლივიე ჟირუ.

არგენტინა და საფრანგეთი ერთმანეთს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შეხვდნენ და მაშინ ფრანგებმა 4:3 მოიგეს. ჟირუმ ეს შეხვედრაც გაიხსენა: „მახსოვს, 2018 წელს მესის მთელი თამაში კანტე დასდევდა. ამჯერად, ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი გეგმა. ამას ჩვენს მწვრთნელთან ერთად უახლოეს დროს ვიხილავთ“.

საფრანგების ლიდერმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გუნდის ზედიზედ მეორე გასვლაზეც ისაუბრა: 

„ფანტასტიკურია, რომ 2018 წლის გამარჯვებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ფინალში ვართ. ჩვენ კვლავ დიდი გუნდი გვყავს და საფრანგეთის ნაკრების პოტენციალის გვჯერა. აქამდე მივედით საკუთარი დამსახურებებით და ამ დონის მისაღწევად ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მესამე მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ. გაგვიმართლა, რომ ვართ გუნდი, რომელშიც გვყავს გამოცდილი და ასევე ბევრი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ“.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ კვირას, 18 დეკემბერს ითამაშებს – თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. გადამწყვეტი შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.