ოლივერ ვარჰეი მხარს უჭერს შარლ მიშელის პოზიციას, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წელს გაფართოებისთვის
ოლივერ ვარჰეი მხარს უჭერს შარლ მიშელის პოზიციას, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წელს გაფართოებისთვის

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ის მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოზიციას, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წელს გაფართოებისთვის.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ უნგრელმა ევროკომისარმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ ვარჰეის ეს განცხადება, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ევროკომისიის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის გაფართოების თარიღები არ უნდა დასახელდეს და შესაბამისს კითხვებს აჩენს ამ თემაზე ევროკავშირის აღმასრულებელი პირების ერთსულოვნებასთან დაკავშირებით.

შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას, ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკომისია უნდა იყოს მზად ახალი წევრების მისაღებად 2030 წელს.

„ჩვენი მხრიდან ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ამ მიზნისთვის. მოხარული ვარ, რომ წევრი ქვეყნები ასევე იწყებენ მოძრაობას და პოლიტიკურად მობილიზაციას, მზად არიან პოლიტიკური ინვესტიციებისთვის, რათა ევროკავშირს 2030 წელს ახალი წევრები ჰყავდეს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ვარჰეი არ არის ევროკავშირის ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების ამბიციურ ვადებს.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 21 აგვისტოს „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საჭიროა, ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დააახლოონ. ასევე, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორიენტირებული არ არიან ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე. ამასთან, 31 აგვისტოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს.