ოლივერ ვარჰეი - ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა, ახლა მოქმედების დროა
ოლივერ ვარჰეი - ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა, ახლა მოქმედების დროა

დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ქართველების მომავალი ევროკავშირშია და საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები, დაიცვას ღირებულებები.

„გასულ დღეებში ათასობით ქართველმა ისარგებლა მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების წინააღმდეგ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალები და მამაკაცები გავიდნენ ქუჩებში. მათ ხელში ეჭირათ ევროპული დროშები, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავიანთი ერთგულება დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისადმი. ამ დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი.

ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპულმა პერსპექტივამ, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში მიენიჭა, ურთიერთობები უფრო ახლო კურსზე გადაიყვანა, ევროკავშირის გაფართოების ჩარჩოში, რაც დაფუძნებულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც განმტკიცებულია ასოცირების შეთანხმებით. ევროპული გზა მაღალ თამასას აწესებს, რაც ეხება სტანდარტებს საქართველოში. საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და დაიცვას ღირებულებები. ამას თან მოსდევს გაზრდილი ყურადღება და მონიტორინგი, რეფორმების გატარების საჭიროება, ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ფართო ინსტრუმენტებს, რომლებიც საქართველოს ექნება ამ პროცესში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეის განმარტებით, რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს. მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა. ახლა მოქმედების დროა. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ გადადგა რეფორმების პროცესში. ახლა რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა მთავარი პრიორიტეტებია. ნება მომეცით, გაგახსენოთ, რომ 2 თებერვალს ევროკომისიამ წარმოადგინა შემდგომი პოლიტიკის გზამკვლევი, რომელიც ეხება ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებს, ასევე წარმოადგინა ანალიტიკური ანგარიში, რითაც შეივსო ჩვენ მიერ შარშან გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შემოტანილ განაცხადს. ფართო და ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს პროგრესისა პირველად ჩატარდება 2023 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში და თქვენ გელით უფრო სრული სურათი“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

სიტყვით გამოსვლისას ოლივერ ვარჰეიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.

„გასულ თვეს ამ პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ჩვენ ჩავატარეთ დემარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 27 თებერვალს და ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ბატონი სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული – როგორც პატიმრისა, ისე ბრალდებულისა, და ეს უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს პარტნიორებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის გზით.

ევროკავშირი რჩება საქართველოსა და ქართველი ხალხის ახლო მეგობრად და პარტნიორად. ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი მთელი ქვეყნისთვის, რომ გაერთიანდეს და იმუშაოს შემართულად საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რაც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა და ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.