ოლივერ ვარჰეი - მზად ვართ, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით გავაფართოოთ საქართველოსთან თანამშრომლობის სფეროები
ოლივერ ვარჰეი - მზად ვართ, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით გავაფართოოთ საქართველოსთან თანამშრომლობის სფეროები

მზად ვართ, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით გავაფართოოთ საქართველოსთან თანამშრომლობის სფეროები, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას საქართველოსთან, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოდან, რომ მას სურს, გააფართოოს სფეროები, რომელშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ეს.

მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, რომელსაც სურს, გააკეთოს მეტი ჩვენთან ერთად. თუმცა, ამავე დროს, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების ბევრ შესაძლებლობას მოიცავს. ასე რომ, ჩვენი რჩევა იქნება, ჯერ ყველა ინსტრუმენტი და შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც გათვალისწინებულია DCFTA-ს შეთანხმებით, რომელიც გაფორმებული გვქვს საქართველოსთან. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, წარადგინოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი, ხოლო ამ აპლიკაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ჩვენი წევრი ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილება იქნება, ამჟამად ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესრულების დაჩქარებაზე“, – განაცხადა ვარჰეიმ.