ოლივერ ვარჰეი - მზად ვართ 17 მლრდ ევროს მობილიზებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის​, ჩვენი მიზანია, საქართველოს მივეხმაროთ ეკონომიკის გაძლიერებაში
ოლივერ ვარჰეი - მზად ვართ 17 მლრდ ევროს მობილიზებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის​, ჩვენი მიზანია, საქართველოს მივეხმაროთ ეკონომიკის გაძლიერებაში

მზად ვართ 17 მლრდ ევროს მობილიზებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის​, ჩვენი მიზანია, საქართველოს მივეხმაროთ ეკონომიკის გაძლიერებაში, – ამის შესახებ განაცხადა ​სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რამდენიმე დღის წინ ძალიან ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარვადგინეთ ევროკავშირში მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის. ჩვენ მზად ვართ, გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მლრდ ევროს ამ რეგიონის, აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის. 2.3 მლრდ ევრო იქნება გრანტის სახით და დანარჩენი იქნება პროექტების და ინვესტიციების სახით, რომლებსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან.

ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლოს ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკურად და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს მივეხმაროთ უფრო ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დამყარებაში კოვიდის კრიზისის შემდეგ.

ამაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობდით, წინა მთავრობასთან, ამ მთავრობასთან, რათა პრიორიტეტები გამოგვეკვეთა, მთავარი გამოწვევები გამოგვევლინა, რაც ქვეყანაში არსებობს.

ის ხუთი გარდამტეხი ინიციატივა, რომელიც შეიქმნა საქართველოსთვის, არის ამ თანამშრომლობის შედეგი“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეის თქმით, მათი გეგმით საქართველო შეძლებს, სულ მცირე 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას.

„ჩვენ არ გვინდა ისეთი რამ შემოგთავაზოთ, რაც არ გჭირდებათ. მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ და თქვენთან საუბრისას, ბატონო პრემიერო, დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება და მთავარი სისუსტე ეკონომიკაში და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არქონა.

ეს იქნება გზები და რკინიგზა, იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, იქნება ეს დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტერნეტ ქსელებთან. ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია, საქართველოს ეკონომიკა წინ წაიყვანოს და ახალ განზომილებაში გარდაქმნას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დაკმაყოფილდება ეს გამოწვევა – შეიქმნება დაკავშირებადობა, ეკონომიკის გაძლიერების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელს ქვეყანაში და ასევე, საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ, მწვანე კონცეფციას და ჩვენს მეგობრებს.

ჩვენ საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამოდენიმე ეტაპს გადაახტეს და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს, სულ მცირე 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მშპ-ს სახით. ეს არის აზრიანი დიდი პაკეტი დახმარების, თუმცაღა ეს არის უშველებელი ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის. ეს არის შესაძლებლობა და ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

დატოვე კომენტარი