ოლივერ ვარჰეი - მიხარია, რომ პარლამენტი შევსებულია, ახლა გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება
ოლივერ ვარჰეი - მიხარია, რომ პარლამენტი შევსებულია, ახლა გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, გახარებულია დეპუტატების პარლამენტში შესვლით, ვინაიდან პარლამენტი არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, რადგან დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხორციელებისთვის ყველას ჩართულობაა საჭირო.

„ძალიან გამიხარდა პარლამენტის წევრებთან შეხვედრა. მიხარია, რომ შევსებულია პარლამენტი და პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე, სადაც უნდა წარმოებდეს პოლიტიკური დებატები. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება, რათა განხორციელდეს შეთანხმება. ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებაზე, ყველას ჩართულობა გვჭირდება“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით და სურს, ასევე წინსვლა იხილოს სასამართლო რეფორმის მიმართულებითაც.

„ასევე, მახარებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვალაა მიღწეული საარჩევნო რეფორის კუთხით. ასევე, მინდა, ვიხილო წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

რაც შეეხება საქართველოში ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს, საკითხზე საუბრისას ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება.

„დაბოლოს, გუშინ და გუშინწინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ პრემიერთან ეს საკითხი განვიხილეთ, ახლა მისი სახელითაც ვსაუბრობ, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი არ იშვება, არც მომავალში არ წარმოიშვება ძალადობისგან. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით – აი, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება. ამიტომ, ჩვენ გვინდა, ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. გვინდა, ვიხილოთ, როგორ განხორციელდება პროცესები“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ამასთან, როგორც ევროკომისარმა განაცხადა, ახარებს ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე დღეს ევროკავშირის დროშა აღმართეს და ის კვლავ ფრიალებდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.

„რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ფაქტიც, რომ დღეს დილით პარლამენტში მივედი და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ევროკომისარმა.