ოლივერ ვარჰეი - ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოში პოლარიზაციის დასრულება, ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება
ოლივერ ვარჰეი - ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოში პოლარიზაციის დასრულება, ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება

საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დემოკრატიის საკითხზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, სურთ იხილონ პოლარიზაციის დასრულება, რაც მისი თქმით, დამახასიათებელია საქართველოსთვის.

„ჩვენ გვსურს ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის შუამავლობით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.