ოლივერ ვარჰეი - აღმოსავლეთ პარტნიორობამ ბოლო ათ წელიწადში საქართველოს დიდი სარგებელი მოუტანა
ოლივერ ვარჰეი - აღმოსავლეთ პარტნიორობამ ბოლო ათ წელიწადში საქართველოს დიდი სარგებელი მოუტანა

აღმოსავლეთ პარტნიორობამ ბოლო ათ წელიწადში საქართველოს დიდი სარგებელი მოუტანა, – აცხადებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სპეციალურ ვიდეომიმართვაში, რომელიც „ტვიტერში“ გაავრცელა. მან აღმოსავლეთ პარტნიორობის გასაძლიერებლად ხუთ კონკრეტულ სამომავლო მიზანზე ისაუბრა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ ბოლო ათ წელიწადში დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელარუსის, უკრაინის ხალხებს და რა თქმა უნდა, მთელ ევროკავშირს. იმისთვის, რომ ის მომავალს მოვარგოთ, ჩვენ კარგად უნდა ვნახოთ, რისი უზრუნველყოფა შეუძლია პარტნიორობას. რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად და რა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტები. გაფართოებული კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ ხუთ კონკრეტულ მიზანს ვისახავთ. პირველია რეზისტენტული, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკა. მხოლოდ ეკონომიკის გაძლიერება და ინვესტიციები ქმნის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ამასთან ერთად, ძლიერი კავშირით ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ წარმატების რეალური საფუძველი. ანგარიშვალდებულიან ინსტიტუტებზე, კანონის, უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე მუშაობისას ჩვენ უნდა შევძლოთ ძლიერი სახელმწიფოების ხერხემალი შევქმნათ. სახელმწიფოების, რომელთაც ექნებათ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ კლიმატის საკითხზეც, რათა ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს. ბოლოს, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის რეზისტენტული, სამართლიანი და ინკლუზიური. აღმოსავლეთ პარტნიორობა ქვეყნებს ეხმარება ეფექტურად გაუმკლავდნენ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის მაგალითად, კორონავირუსის პანდემია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ მომდევნო წლებში, რათა ჩვენი თანაზიარი კონტინენტი უფრო დავაახლოვოთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ ვიდეომიმართვაში.