ოლივერ გლასნერი - კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, მაგრამ „ნაპოლიში“ სხვებიც უნდა შევაჩეროთ #1TVSPORT
ოლივერ გლასნერი - კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, მაგრამ „ნაპოლიში“ სხვებიც უნდა შევაჩეროთ #1TVSPORT

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მწვრთნელი ოლივერ გლასნერი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ მერვედფინალის პირველ მატჩს დიდი იმედით და ინტერესით ელის და ხაზს უსვამს, რომ სტადიონზე იქნება ფანტასტიკური ატმოსფერო, რადგან ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია.

„ჩვენ არაჩვეულებრივი თამაში გველოდება. ჩვენი მიზანი ნათელია – წინსვლა. ორივე ძალიან კარგი და სტაბილური გუნდია. სტადიონზე იქნება სრული ანშლანგი და ფანტასტიკური ატმოსფერო, რადგან ერთმანეთს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ორი გუნდი უპირისპირდება.

რას ველოდები სპალეტის „ნაპოლისგან“? ეს გუნდი იტალიური ფეხბურთის დინების საწინააღმდეგოდ წავიდა. სპალეტის გუნდს ყველაზე მაღალი ინტენსივობა ახასიათებს, თანაც უბურთოდ ძალიან აგრესიულები არიან, მაღალი პრესინგით თამაშობენ და წარმოუდგენლად ინტენსიურ კონტრპრესინგს ახორციელებენ. ჩვენ ეს ვიცით და ასეთი ფეხბურთისთვის მზად ვართ.

კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, მაგრამ „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელებიც უნდა შევაჩეროთ. იტალიელთა წარმატების მიზეზს მხოლოდ შეტევაზე ვერ დავიყვან. მათ შეტევასა და დაცვაში შესანიშნავი ბალანსი აქვთ, რაზეც ცოტა გაშვებული გოლი მეტყველებს.

მათ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არაჩვეულებრივად ითამაშეს. „ნაპოლი“ 4-3-3 ფორმაციას იყენებს, მათ აჩვენეს, რომ კომპაქტური თამაში შეუძლიათ და ამავე დროს შეტევაში საშიშები არიან. მნიშვნელოვანია უბურთოდ შეთანხმებული მოქმედება და ამავე დროს იტალიელები დაცვას უნდა მივაჯაჭვოთ“, – ამბობს ფრანკფურტის „აინტრახტის“ მწვრთნელი.

ამჟამად გუნდი ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან „ფრაიბურგს“ ორი ქულით ჩამორჩება. გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფში, რომელშიც გამოდიოდნენ „ტოტენჰემი“, „სპორტინგი“ და მარსელის „ოლიმპიკი“.

„ნაპოლი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ სამშაბათს, 21 თებერვალს ესტუმრება. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება.