ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი მარკეტა ვონდროუშოვა პარიზის ოლიმპიადას ტრავმის გამო გამოტოვებს #1TVSPORT
ჩეხი ჩოგბურთელი მარკეტა ვონდროუშოვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს ხელის ტრავმის გამო გამოტოვებს.
სამი წლის წინ ტოკიოში ჩატარებულ ოლიმპიადაზე ვონდროუშოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში მან შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან სამ სეტში წააგო.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ხელის ტრავმის გამო ოლიმპიადაზე ვერ გამოვალ“, – ჩეხმა ჩოგბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ვონდროუშოვა ამ მომენტისთვის ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზეა. გასულ წელს ჩეხმა უიმბლდონის ტურნირიც მოიგო.