ოლიმპიური ქარტია კარანტინის გამო, ნაწილობრივ 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზეც დაირღვა
ავსტრალიის ტერიტორიაზე ცხოველთა შეყვანის ექვსთვიანი აუცილებელი კარანტინის გამო, XVI ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული ცხენოსანთა შეჯიბრი სტოკჰოლმში ექვსი თვით ადრე გაიმართა.
მელბურნმა შეჯიბრს 22 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე უმასპინძლა, ცხენოსნობაში კი პირველობა 10-დან 17 ივლისის ჩათვლით ჩატარდა და ოლიმპიური ქარტიის დარღვევით პირველი პრიზიორები 6 თვით ადრე გამოვლინდნენ.
ივლისიდან ნოემბრამდე კი ისე განვითარდა პოლიტიკური მოვლენები, რომ ოლიმპიადა ჩაშლის პირას იყო. ჯერ სინაის ნახევარკუნძულზე ისრაელი შეიჭრა, თამაშების გახსნამდე ორიოდე კვირით ადრე კი 200 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი ბუდაპეშტში შევიდა. ეგვიპტემ, ლიბანმა და ერაყმა ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო, ხოლო ჰოლანდიამ, ესპანეთმა, ლიხტენშტაინმა და შვეიცარიამ საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად უნგრეთის დელეგეციის წევრები ოლიმპიადაზე გამოვიდნენ. 1956 წელს თამაშებში მონაწილეობაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც უარი გამოაცხადა, რადგან ოლიმპიადაზე ტაივანის წარმომადგენლები დაუშვეს.
ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მსგავსად საბჭოთა კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელებმა ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებაზე აქაც უარი განაცხადეს და საბჭოთა ოლიმპიელებმა მთელი თამაშები თბომავალ „გრუზიაზე“ გაატარეს. საბჭოთა დელეგაცია არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში I ადგილზე გავიდა.
თანამედროვე ოლიმპიზმის ისტორიაში ეს იყო პირველი ყველაზე დიდი ბოიკოტი.
საქართველო მელბურნში ათმა სპორტსმენმა წარმოადგინა და მათ 2 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები:- გივი კარტოზია და მირიან ცალქალამანიძე გახდნენ, ვახტანგ ბალავაძე, გიორგი სხირტლაძე, რომან ძნელაძე, ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა, ბორის ნიკიტინი და ნოდარ გვახარია კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე რაპირისტებმა პირველად გამოიყენეს ელექტრომოწყობილობა, ცურვაში დრო ნახევრად ავტომატური ელექტრონული წამზომებით პირველად აღინუსხა, ხოლო ჭოკით მხტომელი ბერძენი გიორგიოს რუბანისი პირველი ბერძენი ათლეტი გახდა, ვინც 1912 წლის შემდეგ, ქვეყანას პირველი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობდა 67 ქვეყნის 3342 სპორტსმენი (მათ შორის 384 ქალი);
სტოკჰოლმში ცხენოსანთა შეჯიბრის მონაწილე 158 სპორტსმენიდან 13 ქალი იყო.