ოლგა სტეფანიშინა და რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ვადაზე დანაძლევდნენ - სტეფანიშინამ 2030, ხოლო იოზვიაკმა 2040 წელი დაასახელა
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა და „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში უკრაინის წევრობის ვადებთან დაკავშირებით დანაძლევდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სტეფანიშინამ და იოზვიაკმა სანაძლეო კონფერენცია Accession Exchange Forum-ზე ვიცე-პრემიერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დადეს. რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე დისკუსიის მოდერატორი იყო.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ოლგა სტეფანიშინამ ვადებთან დაკავშირებით იოზვიაკის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატო-ში 2030 წლამდე გაწევრიანდება, თუმცა უკრაინული მედიასაშუალების ცნობით, დისკუსიის დასრულების შემდეგ, იოზვიაკმა ამასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა და უკრაინის ვიცე-პრემიერს სანაძლეოს დადება შესთავაზა.
რიკარდ იოზვიაკმა სტეფანიშინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაკლებად ამბიციური თარიღის დაფიქსირება შესთავაზა – 2040 წელი. უკრაინა ამ ვადაში ევროკავშირში თუ გაწევრიანდება, იოზვიაკი უკრაინელ მაღალჩინოსანს ბრიუსელში ვახშამზე დაპატიჟებს, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებები და რატიფიცირება უფრო დიდ ხანს თუ გაგრძელდება, სტეფანიშინა ჟურნალისტს უმასპინძლებს ვახშამზე ოდესაში.