ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა - ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე უთანხმოება არ არსებობს
ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა - ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე უთანხმოება არ არსებობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ZDF-თან ინტერვიუში გააკეთა.

შოლცმა უარყო უკრაინის ნატო-ში მიწვევის შესაძლებლობა, რომელიც „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს წარმოადგენს და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე გადაწყვეტილება ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე მიიღო და, მისი აზრით, „ამის მიღმა ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს“.

„ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ეს ყველამ იცის. ამაზე არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ნატო-ში მიწვევის შემდეგ კი, ჩვეულებრივ, საკმაოდ სწრაფად ხდება წევრობა“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოითხოვს გაწონასწორებულ მოქმედებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ, გარანტიას იძლევა, რომ ეს არ გადაიზრდება მოსკოვსა და ნატო-ს შორის ომში.

„ეს არის ის, რაზეც მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატავ ჩემს პოზიციას და არ შევცვლი მას“, – აღნიშნა შოლცმა.