ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანია და აშშ არ აღიარებენ ნაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შოლცი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უკრაინის არსებითი დახმარების გაგრძელება, რათა კიევმა შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების განხორციელება.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან. როგორც შოლცმა განაცხადა, თუ ჩეხეთი უკრაინას გადასცემს საჭირო ტექნიკას, რომლის გამოყენებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე იციან, მაშინ ბერლინი პრაღას ამ ტექნიკის ჩანაცვლებაში დაეხმარება.

გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა ნატო-ს მადრიდის სამიტზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს. შოლცის თქმით, ამ სამიტზე დამტკიცებული სტრატეგიული კონცეფცია ალიანსის სამომავლო გამოწვევებისთვის მზადყოფნას განამტკიცებს.