ოლაფ შოლცმა ილონ მასკი ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერისა და გერმანიის ისტორიის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა
ოლაფ შოლცმა ილონ მასკი ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერისა და გერმანიის ისტორიის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა ილონ მასკი ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერისა და გერმანიის ისტორიის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ილონ მასკი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე 25 იანვარს გამოჩნდა.

„ბავშვები არ უნდა იყვნენ დამნაშავენი მშობლების, მით უმეტეს, დიდი ბაბუა-ბებიების ცოდვების გამო. ზედმეტად დიდი ყურადღება ექცევა წარსულის დანაშაულს, ჩვენ უნდა გავცდეთ ამას“, – აღნიშნა ილონ მასკმა.

შოლცმა საპასუხო განცხადებაში მკაცრად გააკრიტიკა მასკის პოზიცია.

„მე კატეგორიულად ვაკრიტიკებ ილონ მასკის განცხადებას გერმანიის ისტორიის შესახებ. ეს ის კვირაა, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების გათავისუფლებას. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიას აქვს პასუხისმგებლობა, რომელიც დარჩება პასუხისმგებლობად წარსულში გერმანელების მიერ ჩადენილი ქმედებების გამო. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ შეერთებული შტატების, რომელმაც გაათავისუფლა ჩვენი ქვეყანა და დაგვეხმარა კვლავ დემოკრატიად ქცევაში“, – განაცხადა შოლცმა.

ოლაფ შოლცმა ასევე გააკრიტიკა მასკის ჩარევა ევროპულ პოლიტიკაში.

„მე არ ვეთანხმები ილონ მასკს და იმას, რასაც აკეთებს. როგორც სოციალ-დემოკრატი, მიჩვეული ვარ მდიდარ მედიამეწარმეებს, რომლებიც ერევიან გერმანიის პოლიტიკაში. ეს არ არის ახალი. თუ შეხედავთ გერმანულ პრესას, დაინახავთ, რომ ბევრი მილიარდერი ერევა პოლიტიკაში, მაგრამ ახალია ის, რომ მასკი მხარს უჭერს მემარჯვენე პოლიტიკოსებს მთელ ევროპაში, ეს მართლაც საზიზღარია და არ არის კარგი ევროკავშირის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.