ოლაფ შოლცი - რუსეთში წარუმატებელმა ამბოხმა დაასუსტა ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია
ოლაფ შოლცი - რუსეთში წარუმატებელმა ამბოხმა დაასუსტა ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთში წარუმატებელმა ამბოხმა დაასუსტა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია. ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს აჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისე მყარად სავარძელში. მე ვთვლი, რომ ის დასუსტებულია“, – აღნიშნა შოლცმა.

კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

„რუსეთი ბირთვული ძალაა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება და ეს სახიფათო სიტუაციაა“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე თქვა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და აღნიშნა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა“.

კითხვაზე, რამდენ ხანს შეუძლია პუტინს ხელისუფლებაში დარჩენა „ვაგნერის“ აჯანყების შემდეგ, კანცლერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

„არ მინდა, რაიმე სახის სპეკულაციაში ჩავერთო, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს იქნება პუტინი ხელისუფლებაში. ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი, შეიძლება ხანმოკლე, ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა მან.

შოლცმა დასძინა, რომ კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა, შეიძლება, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი. „ჩვენ არ ვიცით, ვინ მოვა პუტინის შემდეგ, უკეთესი თუ უარესი“, – დასძინა შოლცმა.