ოლაფ შოლცი - რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს, დროა, რეგიონული კონფლიქტები გადავლახოთ
ოლაფ შოლცი - რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს, დროა, რეგიონული კონფლიქტები გადავლახოთ

რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს, დროა, რეგიონული კონფლიქტები გადავლახოთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთის სასტიკი აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიბიძგებს ჩვენ, ერთად დავდგეთ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია, გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე. კერძოდ, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაჩქარდეს. მოდით, ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილია.

„თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს ინტერესებშია. ჩვენ ყველამ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რათა შევასრულოთ მოლოდინები, რომლებიც 20 წლის წინ აღვძარით სალონიკში, ევროპული მომავლის დაპირება თქვენი მოქალაქეებისა და ქვეყნებისთვის. ჩვენი საქმეა, ეს დაპირება რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი დღეს ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ლიდერებს მასპინძლობდა.