ოლაფ შოლცი - ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება
ოლაფ შოლცი - ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება

ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის შდეგებზე ნატო-სთვის.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო უნდა მოემზადოს, უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა წევრისთვის და გაძლიერდეს ალიანსი.

„ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ამ ომის შედეგები ნატო-სთვის. ნატო უნდა მოემზადოს, უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა წევრისთვის. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. გერმანიას შეაქვს თავისი წვლილი და მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭირო იქნება. გუშინ გერმანიის კაბინეტის წევრებმა გადაწყვიტეს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიცია თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების დასაფინანსებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ალიანსის შემდგომი გაძლიერებისთვის. ეს ასევე არის ჩვენი გამბედაობის გამოხატულება შეცვლილი სიტუაციის საპასუხოდ. ჩვენ ნატო-ს შიგნით გავაგრძელებთ საუბარს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ალიანსი კიდევ უფრო მეტად“, – განაცხადა შოლცმა.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანიას ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

„ეს პრეზიდენტ პუტინის ომია, მან უნდა შეაჩეროს ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს დიალოგში. ბატონო შოლც, მივესალმები თქვენს მცდელობებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართულებით, მათ შორის თქვენს პირდაპირ კომუნიკაციას პუტინთან. ის მაღალ საფასურს იხდის, მკაცრი სანქციები მის ომის მანქანას აზარალებს. მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიას საერთაშორისო სანქციების დაწესებაში შეტანილი როლისთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.