ოლაფ შოლცი - მოლდოვა მასობრივად ზარალდება უკრაინაში რუსული აგრესიითა და მისი შედეგებით, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით
ოლაფ შოლცი - მოლდოვა მასობრივად ზარალდება უკრაინაში რუსული აგრესიითა და მისი შედეგებით, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. სანდუ გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მთავარი განსახილველი საკითხები მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და უკრაინაში ომი გახდა.

კანცლერ შოლცის თქმით, მოლდოვა მასობრივად ზარალდება უკრაინაში რუსული აგრესიითა და მისი შედეგებით, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე განცხადებით, გერმანია მოლდოვას მხარდაჭერას ჰპირდება.

„ჩვენთვის ცნობილია რუსეთის მცდელობები, რომ პრორუსი ფიგურების საშუალებით მოლდოვაში ვითარების დესტაცილიზაცია მოახდინოს“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას კითხვაზე, შეძლებს თუ არა მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას დნესტრისპირეთის გარეშე.

„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის დაძლევაზე მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე“, – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება მთელი კავშირის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს, ისევე როგორც გერმანიისა და მოლდოვისას.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოლდოვის პარლამენტმა 20 ოქტომბერს რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საკითხის გატანა გადაწყვიტა. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დადებით პასუხს გასცემს, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი კონსტიტუციაში სტრატეგიულ მიზნად გაიწერება. ამავე დღეს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელშიც მეორე ვადისთვის ბრძოლას აპირებს სანდუ.

მაია სანდუს თქმით, გასულ 10 წელიწადში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღეისათვის დნესტრისპირეთიდან ექსპორტის 80% ევროკავშირში ხორციელდება, რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ მთელი მოლდოვა, დნესტრისპირეთის ჩათვლით, სულ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროკავშირის ბაზარზე.

„ჩვენ გვსურს, რომ ხალხმა მდინარე დნესტრის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროზე სარგებელი მიიღოს ევროკავშირში ინტეგრაციით“, – განაცხადა სანდუმ.

სანდუ იმედს გამოთქვამს, რომ შესაძლებელი იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, თუმცა ამას ჯერჯერობით ხელს უშლის თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში რუსი სამხედროების არსებობა.

მაია სანდუ ხვალ ლაიფციგში გაემგზავრება, სადაც მას დემოკრატიის გამტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გერმანულ პრემიას გადასცემენ.