ოლაფ შოლცი - მოხარული ვარ, რომ ივნისში ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა
ოლაფ შოლცი - მოხარული ვარ, რომ ივნისში ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა

მოხარული ვარ, რომ ივნისში ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის.

„ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოყვეს. ეს არის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით.

რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს ხმელთაშუ ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. ასე შეგვიძლია, დავიცვათ ევროპის ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი გაბედულად უნდა ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა შოლცმა.